თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. NBA-ის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია ამბროლაურში „სადმელი ჰესს“ ააშენებს, ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხლმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს" ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18.973 ლარი.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაქვეყნა, „სადმელი ჰესის" სიმძლავრე 2,7 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 19.2 მილიონი კვტ/სთ იქნება. ჰიდროელექტროსადგური ამუშავება 2027 წლის 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
კომპანია „სადმელი ჰესი" 2023 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2025 წლის ივნისში მისი სრული წილი, 100%, ზაზა ფაჩუალიამ 450 ათას დოლარად შეიძინა.
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში კარიერა 2003 წელს დაიწყო. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017, 2018).
2019 წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად ფაჩულიამ მეორედ მოიგო ოქროს ბეჭედი.