რა ხდებოდა მართვის მოწმობების აღების გამოცდაზე: პოლიციელს ბრალი წარუდგინეს

შსს-ს ცნობით, თანამშრომელთა გადაცდომის შედეგად, სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.