აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს

დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით 7 პირი დააკავა და 12 ობიექტი დახურა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ამასთან, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.
სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით
უწყებაში გადაიყვანეს.
პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.