ბათუმსა და ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაული ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ყაზახეთის, სომხეთისა და გერმანიის მოქალაქეები. მათ საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები, რომელთა ასაკი 20-დან 47 წლამდეა, სხვადასხვა დროს დააკავეს.
კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი" და "პრეგაბალინი".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.