თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი "ვალეს" ტერიტორიაზე "საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025" ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივი წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესებაა.
"თანამედროვე გლობალურ ეპოქაში სასაზღვრო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი წვრთნა და სწავლება აძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალური მიგრაციის, ნარკოტიკების, იარაღის, ქიმიური ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო გადაადგილების, ტერორიზმისა და სახელმწიფო საზღვარზე არსებული სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას", - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი გურეშიძემ სწავლების შემაჯამებელი ღონისძიებაზე.
სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.
წვრთნის სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა. ასევე აღნიშნული წვრთნა ითვალისწინებდა სპორტულ ღონისძიებებსაც.
ღონისძიების დასასრულს წვრთნაში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ერთობლივი წვრთნა თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2025 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.