ერ-რიადში საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და საუდის არაბეთის სამეფოში პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საუდ ალ-სატიმ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ადასტურებს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეფორმების განხორციელების გზაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.