საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანი ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაა.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას ქემალ მემისოღლუს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქემალ მემისოღლუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. კოლეგებმა ერთობლივი მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.
დოკუმენტი გულისხმობს:
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სამედიცინო ტურიზმისა და პროფესიული სამედიცინო განათლების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას
ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიწოდების საკითხებში თანამშრომლობას
ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ფარმაცევტული პროდუქციის თუ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების საკითხებს.
მემორანდუმი 2023 წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერას უწყობს ხელს.
ქემალ მემისოღლუს განცხადებით, თურქეთი, თავის მხრივ, მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ მოადგილესა და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად თბილისს 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.