ზურაბ აბაშიძემ დასავლელ პარტნიორებს დიპლომატიის ანაბანა შეახსენა

დიპლომატიის საფირმო ნიშანი არის თავაზიანობა და გარკვეული ლოიალობა იმ ხელისუფლებისა და ქვეყნის მიმართ, სადაც თქვენ იმყოფებით, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. დიპლომატის ფუნქცია არ არის გადაწყვიტოს ვინ არის უკეთესი - ხელისუფლება თუ ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლელი დიპლომატების კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგიერთი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.
„50 წელია დიპლომატიურ საქმიანობაში ვარ ჩართული და ასეთი ფაქტები არსად არ მინახავს, რომ დიპლომატი აძლევდეს თავს იმის უფლებას, რასაც დღეს ზოგიერთი დიპლომატისგან ვისმენთ საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, დიპლომატია უფრო თანამედროვე გახდა, მაგრამ გარკვეული ზღვარი მაინც არსებობს.
„დიპლომატიის საფირმო ნიშანი არის თავაზიანობა და გარკვეული ლოიალობა იმ ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ, სადაც შენ იმყოფები!“, - განაცხადა დიპლომატმა.
აბაშიძის თქმით, დიპლომატის ფუნქცია არის წარმოადგინოს თავისი ქვეყნის ინტერესები ადგილსამყოფელ ქვეყანაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს მოქალაქეები, ეკონომიკური ინტერესები, იყოს გარკვეული ხიდი ორ ქვეყანას შორის და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
„დიპლომატის ფუნქცია რა არის, რომ დაჯდეს და გაარჩიოს მთავრობა ჯობია თუ ოპოზიცია“, - აღნიშნა მან.
ამ კონტექსტში აბაშიძემ გაიხსენა ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა ოპოზიციის მიტინგზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ თბილისში იმართებოდა.
„ვერც კი გააცნობიერეს, რომ ეს ქვეყნის და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. თითქოს ბავშვური გულუბრყვილობით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ჩამოვედით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ოპოზიციის მიტინგზე. გამოდის, რომ ხელისუფლება ხალხს მხარს არ უჭერს, ლეგიტიმური ხელისუფლება ხალხს არ წარმოადგენს“, - განაცხადა აბაშიძემ.
საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს - პრემიერი>>
აქ მეორე ქვეტექსტი ისაა, რომ „ხალხი აქ არის და სხვა ხალხი ხალხი არ არის“, ანუ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ასობით ათასი მოქალაქე, რომელიც იდგა თბილისში დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ის ხალხი მათვის ხალხი არ არის, განაცხადა აბაშიძემ.
„ჩვენ ძალიან შევიკავეთ თავი, რომ მკაცრი ნაბიჯები არ გადადგმულიყო, თუმცა მე პირადად არ გამიკვირდებოდა მსგავსი ნაბიჯები რომ გადაგვედგა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხალხში აღვივებს ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობილებებს“, - განაცხადა აბაშიძემ.
2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა რომ დასრულდა, ხალხში იყო ანტიდასავლური განწყობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ მოსახლეობა და საზოგადოება ევროპისკენ შეებრუნებინა, აღნიშნა დიპლომატმა.
„ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ვიზალიბერალიზაცია მოხდა, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ ყველაფერს დრო დასჭირდა. სამწუხაროდ მე კვლავ ვხედავ ანტიდასავლურ განწყობებს“, -განაცხადა აბაშიძემ.
შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ ეს ანტიდასავლური განწყობები, მაგრამ მან ყველას შეახსენა რეფერენდუმის შედეგები, რომელიც მოლდოვაში 20 ოქტომბერს გაიმართა.
მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ქვეყნის მოქალაქეების 50,46%-მა ხმა მისცა ევროინტეგრაციას, წინააღმდეგი იყო ამომრჩეველთა 49,54%. რეფერენდუმის ფარგლებში მოქალაქეებს უნდა გაეცათ პასუხი ერთ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით? ამრიგად, მოლდოვას ბედი მოქალაქეთა 1%-ზე ნაკლებმა - დაახლოებით 13,5 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა.
პრემიერი: მოლდოვამ დემოკრატიაზე ტესტი ვერ ჩააბარა>>
„მოლდოვაში რაც მოხდა, ესეც მათი ბრალია? რეფერენდუმი მაქვს მხედველობაში. ამიტომ თვითკრიტიკული კითხვები უნდა დაუსვან ბრიუსელში საკუთარ თავს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, გაღრმავდება, გაძლიერდება და ღირსებით და კეთილდღეობით შევალთ ევროპაში სწრაფად“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. ამჟამად ევროკავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვა გახდა რეზონანსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი კანონმდებლობა დასავლურ ფასეულობებს არ შეესაბამება, მაგრამ რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.