პრემიერი: მოლდოვამ დემოკრატიაზე ტესტი ვერ ჩააბარა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები მოლდოვაში
არჩევნები მოლდოვაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
პრემიერმა სირცხვილი უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა კანდიდატი-ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, საქართველო კი არა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანამ დემოკრატიაზე ტესტი ვერ ჩააბარა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ევროკავშირის 13 ქვეყნის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია „ქართული ოცნების“ მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯებიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე“.
„მოლდოვამ ამ არჩევნების სახით ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. მანამდე რა ხდებოდა, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით. მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა სირცხვილი უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა კანდიდატი-ქვეყნის სტატუსს იმსახურებს, საქართველო კი არა.
„მოლდოვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და ჩვენ თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის - ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და ჩაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს გაიმართა. პროტოკოლების 99,41%-ის დამუშავების შედეგებით ლიდერობს სახელმწიფოს მოქმედი მეთაური მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს - მას ხმების 42,31% აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, წარმოშობით გაგაუზიელი ალექსანდრ სტოიანოგლო 26,07%-ით. ეს ორივე კანდიდატი მეორე ტურში გადადის, რომელიც 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.
სანდუ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ ორიენტაციის მომხრეა - სტოიანოგლო თვლის, რომ მოლდოვას ურთიერთობამ ევროკავშირთან არ უნდა დააზარალოს ტრადიციული პარტნიორობა რუსეთთან და მთლიანად დსთ-სთან. იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე, პროტოკოლების 99%-ის დამუშავების შედეგებით, ევროინტეგრაციას მხარი ამომრჩეველთა 50,29%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49,71%.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ევროპულმა საბჭოს ბრიუსელში 18 ოქტომბრის სამიტზე სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც დე ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში მ9იმდინარე პროცესებს, მათ შორის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანების მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, სამიტის შედეგების მიხედვით გამოქვეყნებულ დოკუმენტში საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, „რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0