ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას და რემონტს იწყებს

სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც აშენდება ახალი შენობა და უკვე არსებული გარემონტდება, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ექიმების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - კლინიკური თუ პათომორფოლოგიური ლაბორატორიები.
გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები.
კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას. სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი.
კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა საუკეთესო გადაწყვეტილებაა >>
ასევე, გაიხსნება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.
ასევე, კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 42 ათასი კვ. მ გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონას.
შედეგად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, სადაც პაციენტები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღებენ, აღნიშნავენ სამინისტროში.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
მოულოდნელი იყო: „რესპუბლიკურის“ ექიმები მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან>>>
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების საშიში ზონები გადაკეტა და ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში - მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერება მოითხოვეს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.