კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

© photo: Sputnikრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
ახალი კლინიკის მშენებლობის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება თანამშრომლების აყვანა, ტერიტორიის ნაწილი კი საინვესტიციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა აღნიშნული საკითხის საუკეთესო გადაწყვეტაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ექიმების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას სრულად განვაახლოთ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად დავიცვათ პერსონალისა და საავადმყოფოს კოლექტივის ლეგიტიმური უფლებები“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს სთხოვა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი შენობის მშენებლობის 2024 წელს დაწყებას.
ექიმები მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება ამჟამინდელ ადგილას და იმუშავებს მანამ, ვიდრე შენობა უკანა ეზოში აშენდება, როგორც გათვალისწინებული იყო 2007 წლის პროექტში.
მოულოდნელი იყო: „რესპუბლიკურის“ ექიმები მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან>>>
როდესაც ახალი შენობა აშენდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში და ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული, საინვესტიციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება საავადმყოფოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ და სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღეს, ექიმ კახა ხუციშვილის თქმით, სურვილის შემთხვევაში ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამუშაოდ დაბრუნებას შეძლებენ.
მედპერსონალის პროტესტი
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.
შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ფულადი კომპენსაცია ან სხვა კლინიკაში მუშაობა შესთავაზა. მათ გადაწყვეტილების მისაღებად 5 ვადა მარტამდე ჰქონდათ. თუმცა, ექიმების ნაწილმა აღნიშნული შეთავაზება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. მათ სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა უკვე დაიწყო. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
რესპუბლიკურის ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი>>>
კლინიკის თანამშრომლებს სთავაზობდნენ კომპენსაციას მთელი წლის განმავლობაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ სხვაგან მუშაობაზე, სხვა კლინიკაში მინიმუმ იმავე პოზიციაზე დასაქმებას და ფულად კომპენსაციას ოთხი თვის განმავლობაში.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
ყველა ახალი ამბავი
0