თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის მესამე H145 ვერტმფრენი შეემატა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება სამი H145-ის მარკის ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. სამივე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმებოდა.
თანამედროვე ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
„H145 ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. ახალი ბორტი გერმანიიდან საქართველოში სწორედ სასაზღვრო პოლიციის გადამზადებულმა მფრინავებმა ჩამოიყვანეს.
შვეულმფრენების ჯამურმა ღირებულებამ 26,5 მილიონ ევრო შეადგინა.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.