თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ტრაექტორია, რომელიც სულ უფრო შორდება ევროკავშირს, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“, - განაცხადა ბორელმა.
ამ კვირაში ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის გეგმები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის“ შესახებ ევროკავშირის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებს სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
ამჟამად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამაზე ევროკავშირის ლიდერები 27 ივნისს შეთანხმდნენ და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
გარდა ამისა, ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა გაყინა საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად განკუთვნილი 30 მილიონი ევრო.
რეზონანსული კანონი
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.