თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. დანიის საელჩომ უნდა აღიაროს, რომ ხარჯავს ფულს ქართულ პოლიტიკაში არსამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ან საწინააღმდეგო დაამტკიცოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD), „პარტიებისა და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით, საქართველოს ქალაქებში ჩაატარა „დემოკრატიის ფესტივალი“, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვის იყო განკუთვნილი.
ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ღონისძიება პოლიტიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას. უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.
„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. დანიის საელჩოს ან არ აქვს ცოდნა ან არ აკეთებს განმარტებას. საპირისპირო უნდა დაამტკიცონ, ან უნდა აღიარონ, რომ სწორედაც, დანიის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს მოძრაობა „თავისუფლების მოედანი - საქართველო“, რომლის დამფუძნებელ დოკუმენტებში იკვეთება მიზანი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
1 ივლისს კი ცუცქირიძისა და „თავისუფლების მოედანი – საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის თავიანთი მიზნების შესახე განაცხადეს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანტიკორუფციულმა ბიურომ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს“, მათ თავმჯდომარეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.
ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გამართვა, მაგრამ როდესაც ის არის პოლიტიკური სუბიექტი, ვალდებულია ეს ორი თემა ერთმანეთისგან გამიჯნოს, განაცხადა ვოლსკიმ.
„აქ წმინდა სამართლებრივი საკითხია. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საქმიანობისგან. ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია შემოჭრილი, თავად ცუცქირიძემაც კარგად იცის, პოლიტიკურ ველზეა გამოსული და ამას არ მალავს თვითონ. რასაკვირველია, აქ გამჭვირვალობა უნდა იყოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა საგარეო დაფინანსებაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შედის. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ დანიის ბიუჯეტიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის დაფინანსება საარჩევნო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა მანამდე განაცხადა, „დემოკრატიის ფესტივალზე“ პარტიების მხოლოდ ნაწილი იყო მიწვეული და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას არ მიეცა.
ამასთან, ე.წ „ფესტივალში“ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე ან პირიქით მხარდაჭერის უარზე, დასძინა მან.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ავტორიტარიზმის ფესტივალი“ უწოდა. კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა რეგიონებში, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, საქართველოში ავტორიტარიზმი დააბრუნოს.
იმავდროულად, ადრე პარტია „ხალხის ძალაუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დანიის საელჩოს „გლობალური ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილი უწოდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.
რეზონანსული კანონი
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.