პაპუაშვილი: ოპოზიციის მიდგომაა უკრაინის დახმარება საქართველოს ჩამოშლის ხარჯზე

ოპოზიცია მოითხოვდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, განაცხადა პაპუაშვილმა
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოიშველია ოპოზიციონერების ციტატები იმის დასტურად, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინის დახმარების გამო მზად იყვნენ საქართველო ომში ჩაებათ.
„ყველას გვახსოვს რისგან შედგებოდა საქართველოს ნგრევის სანაცვლოდ უკრაინის დახმარების მათეული ხედვა, მათ მიერ ინიცირებული კანონების და რეზოლუციების პროექტებიც, რომლებიც დღესაც პარლამენტშია და არ გაუწვევიათ, ამის დასტურია“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
პირველი: ოპოზიცია მოითხოვდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას - საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ნებართვას უკრაინაში მოხალისეების და იარაღის გაგზავნაზე.
მეორე: ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. კერძოდ, ეს იყო საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრე ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება.
სამხედრო დახმარება
„ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ჩარტერულ რეისზე თანხმობის მიცემას, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
- მაგალითის სახით მან მოიყვანა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას სიტყვები (2022 წლის თებერვალი) იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გამგზავრებაზე ხელის შეშლა რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა. „ამიტომ, ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე“, - განაცხადა ბოკერიამ.
-2022 წლის მარტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: „მოხალისეს, როდესაც არ უშვებ ფრონტზე - ეს არის პოლიტიკური არჩევანი.“
-პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოიყვანა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სიტყვები: „მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ცას უკეტავს რუსეთს, ჩვენ ცას ვუკეტავთ უკრაინას“.
„ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა საქართველო რეგულარული ავიარეისით, ან თუნდაც სახმელეთო გზით, რატომღაც იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც რადიკალური ოპოზიციისგან ისე გარე აქტორებისგან, რომ სპეციალურად ამ მიზნით შესრულებულიყო ჩარტერული რეისი, რომელზეც იქნებოდა მთავრობის საგანგებო თანხმობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აპუაშვილი: ოპოზიცია საქართველოს ომისკენ უბიძგებდა, არჩევნების წინ კი რიტორიკა შეცვალეს>>
მისი თქმით, ყველასათვის ცხადია, რომ ბრძოლის ველზე მოხალისეების გაგზავნა იქნებოდა სხვა არაფერი, თუ არა კონფლიქტში ოფიციალური ჩართვა. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც კი მართავდნენ.
ომის დაწყებიდან ორი წლის თავზეც არცერთ სახელმწიფოს ხელი არ შეუწყვია საკუთარი მოქალაქეებისთვის უკრაინაში მოხალისეებად საბრძოლველად წასასვლელად. პირიქით, აშშ და ბრიტანეთის მთავრობებმა პირველივე დღეებში საჯაროდ გააფრთხილეს საკუთარ მოქალაქეები, არ წასულიყვნენ საბრძოლველად.
„შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოგვიწოდებდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
-2022 წლის მაისში ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ , „ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემა საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“.
2022 წლის დეკემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია GSAC-ის წარმომადგენელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა: „ყველაფერში შეიძლება მივეხმაროთ უკრაინას... შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ.” და დაამატა, რომ ეს არ უკავშირდება ომში ჩართვას.
„აქაც შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ უკრაინისთვის ტანკები მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად... მთელი მსოფლიო აკვირდება, რამდენად ფრთხილად იქცევიან ნატოს წევრი ქვეყნებიც კი, რომ არ გადალახონ ის წითელი ზღვარი, სადაც რუსეთი მათ ომის მხარედ გამოაცხადებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ დროს კი, მისი თქმით, ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების გაგზავნის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.
სანქციების დაწესება
„სანქციების დაწესების მოთხოვნის, არდაწესების გაპროტესტების და სანქციებისთვის ვითომდა გვერდის ავლის ყალბი კამპანია უკვე ორ წელზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის დასტურად მან ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები მოიშველია.
-2022 წლის თებერვალში მაშინდელმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა: „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს, იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების [იგულისხმება, განცხადება, რომ საქართველო არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს] მოსმენის შემდეგ ვიგრძენით“.
ასე გამოეხმაურა ის მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს (25 თებერვალი) იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ დაუწესებს რუსეთს საფინანსო და ეკონომიკურ სანქციებს, რადგან ამით თავად საქართველო და ქვეყნის მოსახლეობა უფრო დაზარალდება.
-ნიკა მელიამ, რომელიც მაშინ „ნაცმოძრაობას“ ხელმძღვანელობდა, იმავე დღეს განაცხადა: „ბოდიში უკრაინელ დებს და ძმებს, დიდი ბოდიში იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს.“
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებაში დაადანაშაულა>>
რუსეთის მიერ ლუგანსკის და დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ბათუ ქუთელიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
„ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს“, განაცხადა მაშინ ქუთელიამ.
-გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოიშველია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის, გიგა ბედინეიშვილის სიტყვები: „სანქციის დაწესება ეკონომიკურადაც სწორი იქნება. შეიძლება, მოკლე ვადაში რაღაც ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება, ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში“.
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შემოეღოთ სანქციები სხვადასხვა მიმართულებით.
სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის
„გახსოვთ, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა სრულად ისტერიული ფონი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მოზღვავებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა ნახატები კედლებზე, რომლებზეც ოპოზიცია და მისი მედია სრული დამაჯერებლობით ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო რუსი დივერსანტების სასიგნალო ნიშნები, რომლებიც მოგვიანებით ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის მიერ დახატული კატები აღმოჩნდა.
პაპუაშვილმა გაიხსნენა ქსენოფობიამდე მისული სიძულვილის მარშები თბილისის ტურისტულ ადგილებში, რამაც საბოლოოდ იმ ფაქტამდეც კი მიიყვანა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სლავური გარეგნობის ქალს ვიღაცამ ქვა ესროლა.
„ამ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს იძულება, რომ დაეწესებინა სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
-ამის დასამტკიცებლად პაპუაშვილმა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მოიყვანა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ პარლამენტის წინ გამართა აქცია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღების მოთხოვნით.
-ამავე მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ („სირცხვილია“, „სოროსის ფონდი“, „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის“ – ISFED, „მწვანე ალტერნატივა“, „მედიაომბუდსმენი“, „საფარი“). განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ინტერვენციისთვის იქნებოდნენ გამოყენებული.
-2023 წლის მაისში, როდესაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში დაეშვა პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდება, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!“
-იმავე პერიოდში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა (არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“) განაცხადა: „ვინაიდან რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერაფერს ვუზამთ, საპასუხო ღონისძიებად დაწესდეს ვიზები რუსების მოქალაქეებისთვის და ამით გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი“.
დაიხუროს ცა
ოპოზიციონერების და არასამთავრობო ორგანიზაციების მომდევნო მოთხოვნა, პაპუაშვილის თქმით, იყო საქართველოს საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვა რუსული თვითმფრინავებისთვის
-2023 წლის თებერვალში, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში პარტია „გირჩმა“ თავის გვერდზე დაწერა: „საქართველოს მთავრობა! სასწრაფოდ ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთთან!“
- „ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
-ამავე დროს შედგა არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიცია, რომელსაც სხვადასხვა ენჯეოები აწერდნენ ხელს.
პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა
„მას შემდეგ რაც რუსეთმა აღადგინა ცალმხრივად შეჩერებული პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს სანქციების დაწესების ახალი კამპანია და ითხოვდნენ ფრენების აკრძალვას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამის მტკიცებულებად მან რამდენიმე განცხადება მოიყვანა.
-ეკა გიგაურმა („საერთაშორისო გამჭვირვალობა“) 2023 წლის მაისში განაცხადა: „ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუკი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა.“
ამავე დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვისხდეთ სახლში“.
„სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა (საერთაშორისო - რედ.) სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 40-მილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ტერიტორიული პრობლემების მქონე საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა კონფლიქტის მსვლელობაზე.
„ერთადერთი შედეგი რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია არ აძლევდა და დღემდე არ აძლევს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა.
„და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ არავინ საქართველოსგან არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
როგორ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის განცხადება>>
„ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა!, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუმცაღა იყო საქართველოს ხელისუფლების საჯარო კრიტიკაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც: ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის აპრილის რეზოლუციაში, ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ა.შ.
პაპუაშვილის თქმით, ეკონომისტებმა დეტალურად დათვალეს, როგორი იქნებოდა შედეგები საქართველოს ეკონომიკისთვის იმ შემთხვევაში, ხელისუფლებას მსგავსი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარება რომ დაეწყო.
2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ქვეყანა სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებდა, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია, აღნიშნა სპიკერმა.
„თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება.
„ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დასასრულს მან აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი დადგება ომსა და მშვიდობას შორის.