თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ჩვენი საქმე არის საზოგადოების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, და არა სხვისი ცხოვრების წესის განხილვა თუ განსჯა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ამ ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„ჩვენი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების წესის განხილვა, განსჯა და ა.შ. მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ასეთ პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი სხვადასხვა საზოგადოებაზე, დასავლეთის სივრცეში, ეს სტატისტიკითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს დაცული ასეთი პროპაგანდისგან, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კანონის მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია კანონის წინააღმდეგ გამოდის, ეს მისი რეალური მიზნების შესახებ მეტყველებს.
„როცა ამას უპირისპირდება ოპოზიცია, ჩანს, რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი“,- განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ, ამასთან, სახელმწიფო ყველას უფლებებს დაიცავს.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ვერ გადაიხედება, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ცხოვრების წესისა“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც საკონსტიტუციო კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ვერც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ამ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება. საკონსტიტუციო კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
22 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.