თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პოლიტიკური ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7585 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
„სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტებისგან ისმის, ბუნებრივია, რომ დადებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მოვლენებზე. ეს არის პრინციპში გამიზნული პოლიტიკა ოპონენტების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს. ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, რომ არ არის მთლად ღირსეული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ.
მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.
„ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.