თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამასთან ერთად, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 1,6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე; დაახლოებით 6-ჯერ მეტი – რუსეთის, 3,8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5,3-ჯერ მეტი – ბელარუსის და 3,4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოვიდა 1,7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დაახლოებით 25,6%-ს – რუსეთის მოქალაქეები, 4,2%-ს – თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი, 25-26% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის“, - განაცხადა თოდრაძემ.
სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიგრაცია 2023 წელს
ქვეყანა | იმიგრანტები | ემიგრანტები |
რუსეთი | 52 627 | 35 344 |
თურქეთი | 8 624 | 7 049 |
უკრაინა | 7 516 | 7 675 |
ინდოეთი | 8 406 | 3 274 |
ბელარუსი | 3 557 | 4 537 |
ისრაელი | 3 111 | 1 864 |
სომხეთი | 3 093 | 2 557 |
აშშ | 2 004 | 1 864 |
ჩინეთი | 2 000 | 1 724 |
სხვა ქვეყნის მოქალაქეები | 18 563 | 13 576 |
ჩამოსულ იმიგრანტთა უმრავლესობა მამაკაცია. 2023 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა 119 მამაკაცი და 86 ათასი ქალი. ამავე პერიოდში საქართველო დატოვა 137 ათასმა მამაკაცმა და 107 ათასმა ქალმა.
ჩამოსულთა უმრავლესობის ასაკი 15-დან 64 წლამდე მერყეობს.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 39 ათასი ადამიანი შეადგინა.