თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გაითვალისწინებს ევროკავშირის კრიტიკას და არ მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიცირებული კანონპროექტის სასარგებლოდ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური ძალების ინტერესების გამტარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების რეგისტრაციას და მათ ყოველწლიურად დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს. ეს არის იგივე კანონპროექტი, რომელიც უკან გაიწვიეს 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის ფონზე, იმ განსხვავებით, რომ არ შეიცავს ტერმინს „უცხოური აგენტი“.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს („უცხოური აგენტების შესახებ“ - რედ.) და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში“, - განაცხადა შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ამჯერადაც ინიცირებული კანონპროექტი თითქმის ისეთივეა, როგორც შარშან.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში არ არის კანონები, რომლებიც მსგავსია ქართული კანონპროექტისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, შოლცმა ყურადღება გაამახვილა სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ეს არის როგორც მთავრობის, ისე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს და ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს... ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
თავის მხრივ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს შეესაბამება.
თავის მხრივ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ევროპული დირექტივის პროექტი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ (PDP). მისი მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტერესების ყველა წარმომადგენელს მოეთხოვება დარეგისტრირება ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში, სადაც მითითებული იქნება უცხო სახელმწიფოსგან მიღებული ყველა ტრანზაქცია.
„გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული... ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს აქამდე არ დაუსაბუთებიათ, რატომ არ უნდა იცავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამჭვირვალობის პრინციპი.
„მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობას ადასტურებს ზოგიერთი ორგანიზაციის ქმედებები, რომელიც სხვა სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებს.
ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი
© Сourtesy of Georgian Government
„2020 წლის შემდეგ უკვე იყო მცდელობის ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებით... ჩვენ ვხედავთ, რომ არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, გამოაქვეყნონ ანგარიშები, ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ხელისუფლება ღიაა დისკუსიისთვის.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.