დარჩიაშვილი: გამჭვირვალობის კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი არ უნდა შეუშალოს
15:05 12.04.2024 (განახლებულია: 17:59 12.04.2024)
© AP Photo / Shakh Aivazovილია დარჩიაშვილი
© AP Photo / Shakh Aivazov
გამოწერა
ევროკავშირის ელჩმა გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკომისიას გაუჭირდება დადებითი შეფასების გაკეთება.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. გამჭვირვალობა არის საქართველოს ევროინტეგრაციის ქვაკუთხედი, ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ ქართული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს და მისი მიღების შემთხვევაში ევროკომისიას გაუჭირდება დადებითი შეფასების გაკეთება. წლის ბოლოს საქართველო ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე.
„ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე... ამ კანონმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ვერ შეუშლის ხელს ევროინტეგრაციას. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული რეკომენდაციებთან, რომლებიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს ევროსაბჭომ დაადასტურა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დამოკიდებულია იმ დღის წესრიგზე, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან იყო შეთანხმებული.
„გამჭვირვალობის კანონი კი ჩვენს ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და ევროპულ სტანდარტებს ემსახურება... ამ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედია.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა, ევროკავშირის პოლიტიკისადმი შესაბამისობა, სასამართლო რეფორმა და სხვა.
რაც შეეხება ე.წ კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გზა მოიძებნება“. მისი თქმით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, სტიგმატიზაციის გარეშე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის ევროპისკენ მიმავალ საქართველოში.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა გაფართოების ანგარიშზე. ოქტომბერში გამოქვეყნდება რეკომენდაციებით ევროპული საბჭოსთვის, ხოლო დეკემბერში მიიღება გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის ან არგახსნის თაობაზე.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.