თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთის გუნდთან გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები ეხმაურებიან.
გუშინ, 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 2 გოლის გატან შეძლეს.
გუშინ გამართული ისტორიული მატჩის გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.
„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, – დაწერა კოლომინა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში.
„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – დაწერა სანდუმ.
საქართველოს ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოც.
„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც.
„ვულოცავ საქართველოს. საქართველომ გეზი აიღო გერმანიაში ევრო 2024-სკენ. იმედია იქ შევხვდებით“, – აღნიშნა ფიშერმა.
საქართველოს ევრო 2024-ის საგზური მიულოცა თურქეთის საელჩომ.
„ვულოცავთ ყველა ქართველ მეგობარს „ევრო 2024“-ზე მოხვედრას. გაუმარჯოს“, – აღნიშნულია თურქეთის საელჩოს გვერდზე.
საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს საქართველოში დანიის საელჩოც.
„ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას. შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში შვედეთის საელჩომ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე მიულოცა.
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ 21 მარტს ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.