სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - გერმანიის საელჩოს კომენტარი

ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულ მხარეს არ გააჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას, აღნიშნეს საელჩოში.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
„ეს გულდასაწყვეტია": ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენამ ხელისუფლება აღაშფოთა >>
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.