თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შვიდ თვეში მოახლოებული არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ისახავს მიზნად, ოპოზიცია კი ძალებს იკრებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
„ყველა გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს. მთავარი არის ახლა კონცენტრირება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოვიგოთ დამაჯერებლად, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესი“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ამ დროისთვის მმართველი პარტიის მხარდაჭერა, მისი ლიდერების თქმით, ამომრჩეველთა 60%-ს შეადგენს.
ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს. ისეთი აქტორები კი, როგორებიცაა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და სხვები - ბორტს მიღმა დარჩებიან.
იმავდროულად, მმართველი პარტია ისეთ მცირე პარტიებს, როგორებიცაა „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „აღმაშენებლის სტრატეგიას“ და „დროას“ დამოუკიდებელ ძალებად არ აღიქვამს და მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
ახალი კოალიცია
დღეს საქართველოში ოპოზიცია დაქსაქსულია და პარტიები ვერაფრით ვერ თანხმდებიან მომავალ თანამშრომლობაზე. კოალიციის შექმნის მცდელობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, მაგრამ მათთან გაერთიანებაზე მხოლოდ გიორგი ვაშაძის პარტია „აღმაშენებლის სტრატეგია“ დათანხმდა.
წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა. მაგრამ „ლელომ“, მიუხედავად არაერთი განცხადებისა მზადყოფნისა და თანამშრომლობისთვის ღიაობის შესახებ, კოალიცია ვერ შექმნა.
ახლა პარტიის შექმნის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკვე ღიად განაცხადა.
„2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4“, - დააანონსა ნიკა მელიამ როგორც ახალი პარტიის შექმნა, ისე საარჩევნო ნომერი.
ექსპერტები ელოდებიან ახალი კოალიციის შექმნას, რადგან მე-4 ნომერი, საარჩევნო კოალიციის მიხედვით, ეკუთვნის კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას - „სახელმწიფო ხალხისთვის“.
იმავდროულად, ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ მელიასთან მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განაცხადა, მანამდე კი აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში პარტიულ თანამდებობას დაიკავებდა. თუმცაღა, მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ახალი ძალის არ ეშინიათ.
„არაფერი ახალი არ ხდება. გაიხსენეთ 2020 წლის, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდები, ზუსტად იგივე ხდება და მიკვირს, რომ იმავე მეთოდებით ცდილობენ, დააბნიონ ქართული საზოგადოება. სინამდვილეში... ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები. ამიტომ, მთავარია, საზოგადოება ხვდება, რომ ესენი არიან კლონები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასობაში, სანამ პარტიები წინასაარჩევნოდ თავიანთ ადგილსა და თანამოაზრეებს ირჩევენ, საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხი კვლავ ღია რჩება.
არჩევნებამდე პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა მოუწევს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილს უკვე ოთხი შუალედური არჩევნები აქვს ჩატარებული, ოპოზიცია პერიოდულად მის ლეგიტიმურობის საკითხს მაინც სვამს.
ვნებათაღელვა კოდექსის ირგვლივ
ახლა საქართველოს პარლამენტი მესამედ ცდილობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეიქმნას.
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ახალ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ცესკოს წევრების არჩევის ორეტაპიან მოდელზე დაბრუნებას, თუმცა ამავდროულად, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველ პარტიას თავმჯდომარის არჩევის უფლებას ანიჭებს.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ვეტო პირდაპირ კალანდარიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.
„სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და შესანიშნავად იცის, რომ არ შეიძლება ცესკო-ს თავმჯდომარე და მოადგილე პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. მან შესანიშნავად იცის ისიც, რომ გიორგი კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც კონკურსი გაიარეს“, - განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტო აუცილებლად დაიძლევა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალებას.