ოპოზიციონერი: ქართველ ხალხს პრეზიდენტის სხვადასხვა ვეტოებით ართობენ

© courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ზურაბიშვილი თითქოსდა „ქართულ ოცნებას" ებრძვის.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს მიზანი არის საზოგადოების ყურადღების გადატანა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებისგან, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
„ქართველ ხალხს ართობენ ამ უაზრო კანონების მიღებით, მერე ვეტოების დადებით და დაძლევით იმისთვის, რომ სერიოზული ყურადღება არ მიექცეს სხვა საკითხებს და საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ თითქოს, ქალბატონი სალომე ბრძოლით არის დაკავებული „ქართულ ოცნებასთან", რაც, თავისთავად ცხადია, არასწორია", - განაცხადა ხვიჩიამ.
პრეზიდენტის ვეტო უნდა დაიძლიოს, რათა თავიდან ავიცილოთ სრული აბსურდი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს, ვინაიდან სრულ აბსურდში ვვარდებით. ესე იგი სალომე ზურაბიშვილი თავად წარმოადგენს კანდიდატურას იმ ნიშნით, რასაც ჰქვია პროფესიონალური ნიშანი, მაღალი დონის შეფასებები, შემდეგ ამას უმრავლესობა მხარს ვუჭერთ, მაგრამ ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს, კანდიდატი არ მტკიცდება", - განაცხადა ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო>>>
ეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული მეორე ვეტოა. 2023 წლის ზაფხულში ზურაბიშვილი უკმაყოფილო იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ორეტაპიანი სისტემის გაუქმებით, ამჯერად კი პრეზიდენტი უკმაყოფილოა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში მისი როლის შეზღუდვით. გასული წლის ზაფხულიდან პარლამენტს დასამტკიცებლად კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრეზიდენტი.
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვის.
სადავო ცვლილებები
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება - ხელისუფლების და ოპოზიციის არგუმენტები>>>
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0