თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის არანაირი უთანხმოება და დაპირისპირება არ არის, თუმცა, ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს.
სახელისუფლებო პარტიაში დაპირისპირების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საზოგადოებისთვის არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. თანამდებობა დატოვა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემაც.
„არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. სხვა განცხადებებიც მოვისმინე, რომ ადმინისტრაციის უფროსი გაათავისუფლეს. უკაცრავად, მაგრამ ადმინისტრაციის უფროსი პრემიერის ნდობით აღჭუვილი პირია. რატომ უნდა იყოს ჩემი ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ აზარაშვილის გადადგომის მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი გახდა - მთავრობის მეთაურის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერება იყო.
„ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე გააკეთა, თუმცა, ბოლო პერიოდში მასთან კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო, და მართლაც, იყო განსხვავებები, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიღებული იყო ეს ერთობლივი გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის კომუნიკაციის შედეგად. მან გადაწყვიტა დაეტოვებინა თანამდებობა", - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციაში კი აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება კობახიძისა და ღარიბაშვილის კლანებს შორის კონფლიქტად შეაფასეს.
„კლანური კონფლიქტი წარმოიშვა. ღარიბაშვილის მინისტრები მთავრობას ტოვებენ. აზარაშვილს არაფერი გაუკეთებია. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ.
ზურაბ აზარაშვილის გადადგომა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
ვინ შეცვლის აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით, უცნობია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე შიდაპარტიული კონსულტაციების გამართვა დააანონსა.