თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. სექტემბრიდან სხვადასხვა უნივერსიტეტების 2-3 ათას კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
2023 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტური პროფესიებზე 500 ლარამდეა, ხოლო დეფიციტურ პროფესიებზე - ათას ლარამდე.
„ზაფხულშივე დაიწყება შესაბამისი კონკურსები და მიმდინარე წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები განაწილებულები იქნებიან სტაჟირებაზე. ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის, ყველა სამინისტროსთან არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებს, თუ სსიპ-ებს, ასევე ყველა რაიონის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრმა პირობა დადო, რომ აღნიშნული პროგრამისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე.
„ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და საზოგადოებას, რომ ეს იქნება უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსი, ვინაიდან აქ ჩვენთვის მთავარია, შევარჩიოთ იმ ცოდნისა და უნარების სტუდენტები, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ წახალისება და შემდგომ კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა",- განაცხადა ამილახვარმა.
სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
სტაჟიორი არის პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
სტაჟირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად.