თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქართველი ამომრჩევლების ხმები საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" (ენმ) და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან არის დასაცავი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაცმოძრაობის" ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ ენმ „ხმების დამცველთა სკოლას" ქმნის.
„რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი „ენჯეოები". სხვათა შორის, პირდაპირ ეუთოს დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული „ენჯეოების" აქტივობა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე ძალადობრივი შტურმი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ გამოქვეყნებული არასწორი მონაცემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რაც, პაპუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის" ბოიკოტის საფუძველი გახდა.
საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დონორია USAID, მოუწია შეცდომის აღიარება, ხოლო ორგანიზაციის თავმჯდომარეს - თანამდებობის დატოვება. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობდა.
„თუ ვინმესგან არის დასაცავი ჩვენი ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი „ენჯეოები". ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით იმასაც, ვინ იქნებიან ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ხოლმე აქტიურები, რადგან მათ საზოგადოებაში დაკარგული აქვთ ნდობა მას შემდეგ, რაც 2020 წელს იყვნენ თანამონაწილეები დეზინფომარციული კამპანიისა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ისინი ასევე დააკვირდებიან ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დაკვირვებისთვის დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. მრავალრიცხოვანი მისიების მოვლინებაზე, ეუთოს გარდა, უკვე განაცხადეს ევროკავშირსა და აშშ-ში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოსადმი.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების" შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.
ამასთან, პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად სრულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს.
მანამდე მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მან ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებს თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ დაკარგა ნეიტრალიტეტი.
ამასთან, კელი დეგნანმა, რომელიც იმ დროს აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში, განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას „არჩევნების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია" უწოდა.
ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ISFED მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამართლიან არჩევნებს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.