ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველი ექსპერტების გამოსვლები
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. 21-22 თებერვალს ბათუმი პირველად გიდების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
კონფერენციაზე წარმოდგენილია ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია, ასევე პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაცია და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები.
კონფერენციაში, ქართველ მომხსენებლებთან ერთად პორტუგალიის, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკისა და ისრაელის წარმომადგენლები, მოწვეული გიდები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელებთან, გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველ ექსპერტებთან ერთად პანელურ სესიებზე შემდეგი თემები იქნება განხილული:
გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი;
გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები;
ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.
European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გასაოცარი ადგილია>>
კონფერენციაზე დასწრება გიდებისათვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში აქტუალური გახდა პროფესიონალი გიდების დეფიციტის საკითხი. ტურიზმის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად გიდობას იწყებენ ისე, რომ შესაბამის მომზადებას არ გადიან. გარდა ამისა, პანდემიისა და სტაგნაციის პირობებში ტურიზმის სფეროში ბევრმა შეიცვალა შემოსავლის წყარო, რაც ასევე აისახა ბაზარზე.
ტურისტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ჩაატარა უფასო ტრენინგები როგორც გიდებისთვის, ისე სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერებისთვის, კლინინგ-სამსახურების თანამშრომლებისთვის, მიმტანებისთვის და ადმინისტრატორებისთვის.