თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონში რამდენიემე დღეა სტიქია მძვინვარებს, ჩამოწოლილმა მეწყერმა და ზვავმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში, შესაბამისად, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი და გეოლოგიური დასკვნების შედეგად, მოხდება შემდგომი დაკმაყოფილება ამ ოჯახების თანამედროვე უსაფრთხო საცხოვრისით”, - განაცხადა რჟვაძემ.
მისი თქმით, ასევე, შეფერხებები იყო როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
„სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, ასევე, 100-ზე მეტ მიმართულებაზე მოხდა გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება. რჩება დაახლოებით 10 შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დასრულებული”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძის თქმით, სტიქიური მოვლენების პრევენციის, ან მათზე ადეკვარუტი რეაგირების მიზნით მომავალშიც გაგრძელდება მოსახლეობასთან ერთად მუშაობა.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, ის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
პოლიციის ინსპექტორი თემურ ბარამიძე 6 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.
იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ჩამოწოლილ ზვავს 60-წლამდე ქალი ემსხვერპლა.