დამანგრეველი მეწყერი იმერეთში: სტიქიის ზონაში მცხოვრებლები კომპენსაციას მიიღებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეწყრის შედეგები ბაღდათში
მეწყრის შედეგები ბაღდათში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2024
გამოწერა
პრემიერის თქმით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია არ მოხდეს
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც სასიკვდილო მეწყერი ჩამოწვა, მოსახლეობის განსახლება მოხდება და ადამიანები კომპენსაციებს მიიღებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
7 თებერვალს მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა. მაშველებმა მათი ცხედრები მეორე დღეს იპოვეს.
„სოფელ ნერგეეთში ყველა ზომა მიღებული იქნება. სადაც საჭირო არის განსახლება, ხელისუფლება ზომებს ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს, სადაც საჭიროა კომპენსაციები, ზომები ამის შესახებაც იქნება მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს-ხვალ დასრულდება. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მისი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მოხდეს.
„რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ეს ძალიან რთული შემთხვევა იყო. თუმცა, ზოგადად ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
ექსპერტების თქმით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში - სტიქიური უბედურების მიზეზები და მასშტაბი>>
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.
ყველა ახალი ამბავი
0