რომელი ქვეყანა ლიდერობს საქართველოში საწვავის მოწოდების მხრივ – კონკურენციის სააგენტო

სამი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი–იმპორტიორის წილი იმპორტის საერთო მოცულობაში 54%–ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2023 წელს საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა იმპორტირებულია რუსეთიდან, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.
საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევის მიზანია მსხვილი გამყიდველების კონკურენტული ქცევის შესწავლა საწვავის ბაზარზე და მისი შესაბამისობა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან.
ანგარიშის თანახმად, 54–მა ეკონომიკურმა აგენტმა ქვეყანაში შემოიტანა 1,5 მლრდ ლიტრი ბენზინი და დიზელის საწვავი. ყველაზე მეტი მოცულობა იმპორტირებულია რუსეთიდან (62,5%), მას მოსდევს რუმინეთი (15,2%) და ბულგარეთი (9,4%).
სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია, ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზრო წილების სახით.
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს>>
სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, 5 იმპორტიორის - 67%-ს.
სააგენტოს ცნობით, 2023 წელს, საცალო ბაზარზე 1.194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა.
საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის - მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი).
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში - რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი 1 ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით.
2023 წლის მეორე ნახევარში - მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ საქართველოში ფასი შემცირდა საშუალოდ 1 ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში – 30 თეთრით.
საქართველოში საწვავის მოწოდების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს>>
2023 წლის მეორე ნახევარში საცალო ფასების ზრდასთან ერთად, მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას.
„აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში ასევე შეინიშნება საცალო ფასების კლება. სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში, ძირითადად, თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.
ბენზინის ფასის მატების წინაპირობები არ არსებობს - კონკურენციის სააგენტო>>
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,99-3,03 ლ, პრემიუმი – 2,89-3,19 ლარი, სუპერი – 3,64-3,69 ლ, ევრო დიზელი – 3,30-3,44 ლ, დიზელი – 2,89-3,29 ლ.