თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან დაიწყებს, შემდეგ კი ისრაელთან, ნათქვამია საქართველოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობას დამატებითი გადასახადების გარეშე.
პროგრამის მიხედვით, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და კონსულტაციები ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
გარდა ამისა, საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე.
დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც ოთხ ქვეყანას მოიცავს.