თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. კვლევაში საუბარია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომლის ტარიფები საქართველოში ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია. ამან გამოიწვია საქართველოს წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერების უკმაყოფილება, რომლებმაც კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენეს.
„რიცხვები ამბობს, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55 პროცენტზე მეტი უკვე ამ სიჩქარით სარგებლობს, რადგან ეს შეთავაზება საქართველოში 136 პროცენტით უფრო ძვირია. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ 20 გბ ინტერნეტი ფიზიკური პირებისთვის 36 პროცენტით ძვირია, ხოლო იურიდიული პირებისთვის ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
კვლევის შედეგები ყველაზე მეტად კომუნიკაციების კომისიას არ მოსწონს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ ეს შედეგები ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლევის შედეგები არის რიცხვები, რომელთაც ვერაფერი აღუდგება წინ და აქ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გამორიცხულია, დაასკვნა იმედაძემ.
ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა, რაზეც, კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.