თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის მიზანია, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძემ კომენტარი „საწარმოთა კვლევის“ შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა. ანგარიშის მიხედვით, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-13, ხოლო ევროპაში - მეცხრე ადგილზე გავიდა.
ასევე, კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს. ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
ცინცაძის თქმით, საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით, საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი, დაახლოებით, 9%-ია“, - აღნიშნა მან.
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე >>
გარდა ამისა, ის შეეხო მაჩვენებლებს კორუფციის და მოქრთამვის მიმართულებით. თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში ან ნულია, ან ნულთან ახლოსაა, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ია.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით 17,3%-დან 9 პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად. გარდა ამისა, იმ კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევენ, განახევრებულია და მხოლოდ 3,9%-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
„2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1,43% გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.