თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე ორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მის სახლთან და სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები კეკელიძის ქუჩაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.
„შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353- ე მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.