თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია.
„კვლევის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარდა ხუთი სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახალი საავადმყოფო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს უკვე იწყებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს (შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) ბაზაზე აშენებული ახალი კლინიკა ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.
რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა
კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. იმ დროიდან არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წელს ჩატარებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელებს გამაგრება-გაძლიერება სჭირდება.
2022 წლის დასკვნაში წერია, რომ ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.