თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დიდ როლს თამაშობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრები. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, უკვე გაიმართა შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილე სუნ ხაიანთან.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ", - განაცხადა ჩიქოვანმა.
პოლიტიკოსის თქმით, მეორე მხრივ, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს. შუა დერეფანის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებული ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ნაბიჯი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიაო ძიეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.