თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ელჩი ანე ტოფტ სორენსენი არასათანადოდ კომპეტენტურია, რათა თავისი აზრი ისე ჩამოაყალიბოს, რომ არ გაჩნდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დანიის საელჩომ საქართველოში მანამდე დიპლომატის დანიურ გამოცემა Jyllands-Posten–ში გამოქვეყნებული სტატიის ირგვლივ ვითარების თაობაზე კომენტარზე უარი განაცხადა დ აღნიშნა, რომ ამონარიდი სტატიიდან კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. „ქართულ ოცნებაში" ამას უპასუხისმგებლო გამონათქვამი უწოდეს. უფრო მეტიც, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც მთელი ეს გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო და სპეკულაციები არ ყოფილიყო და სხვა განმარტებები არ მოჰყოლოდა. როდესაც განცხადება არის, რომ მოხდა კონტექსტის არასწორი გაგება, ჩანს, რომ ელჩი არ იყო სათანადოდ კომპეტენტური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეაგირება ნებისმიერ დეზინფორმაციაზე.
„სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში იწვევს წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ ამასაც დანიის სამეფოს საელჩო შესაბამის კონტექსტში გაიგებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.