თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ, განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავად გააცნობიერა ქვეყანაში ხელისუფლების უკონტროლობის პრობლემა, თუმცა, პრობლემის გადაჭრის ხერხად საზოგადოებას კონტროლიორის სახით თავისი თავი შესთავაზა.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა წასვლიდან სამი წლის შემდეგ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანია „ახალი სიმძიმის ცენტრის" შექმნა, რათა რეიტინგის გაძლიერების ფონზე მმართველი პარტია „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან" დაიცვას.
ლილუაშვილის აზრით, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია, რომ ერთი ადამიანი იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი.
„ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების" ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული და ამას ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს, აღნიშნა ლილუაშვილმა.
„ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი", - განაცხადა ლილუაშვილმა.
შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.