თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.
„არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ამავე დროს, სპეციალისტები ამბობენ, რომ შესამჩნევად გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა და სწავლის დაწყების შემდეგ – 15 იანვრიდან გრიპის ვირუსის შემთხვევები გაიზრდება.
როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, განსაკუთრებით ბავშვებში, და პიკი სადღაც იანვრის ბოლოს იქნება.
ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია А ტიპის ვირუსი (H1N1, ე.წ. ღორის გრიპი). ჩხაიძის თქმით, ყოველდღე კლინიკას დაახლოებით 40 პაციენტი მიმართავს.
არის ასევე ადენოვირუსული ინფექციების შემთხვევები და ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონიაც, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.