საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური წამლების ფასების გაზრდის საკითხს გამოიკვლევს

დეკემბრის შუა რიცხვებში ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა 2024 წლის იანვარში დაიწყოს ახალი გამოძიება არარეფერენტულ მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმება, გადაწყვეტილება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული აქტები) დარღვევისთვის ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს და დაახლოებით იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, GPC და Pharmadepo-ს სააფთიაქო ქსელი 20,3 მლნ ლარით დაჯარიმდა, PSP –17 მლნ ლარით, „ავერსი“ – 14,4 მლნ ლარით.
კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) კომპანიები Aversi, PSP, GEPHA (რომელშიც შედის GPC და Pharmadepot), Mermisi, შეთანხმდნენ და სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები დააწესეს.
მძიმე პაციენტები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ - მინისტრი საქართველოში ფასების სკანდალზე >>
ამასთან, კომპანიები Aversi, PSP და Mermisi სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ამ საკითხის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა>>>
დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.