თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ". სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტის შემუშავების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. მისი თქმით, გეგმა საკმაოდ მასშტაბურია და მოიცავს ბევრ აქტივობას, რომელიც შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად.
საკანონმდებლო ინიციატივები, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, არსებული მექანიზმების, საბჭოების, კომისიების გაძლიერება გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რათა ამ გეგმის მიზნები და ამოცანები სათანადოდ იყოს დაცული და მიღწეული. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა სფეროში, რადგან რომ ცნობიერების ამაღლების გარეშე, ამ გეგმის მიზნები და ამოცანები ვერ შესრულდება, განაცხადა თათულაშვილმა.
როგორც მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას.
სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას; თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას.