თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ასევე, თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დიზი-უშგულის მონაკვეთზე (90-185-ე კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-70-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, შეზღუდვები უამინდობის გამო შაბათსაც დაწესდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 26 დეკემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.