თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსები არცთუ მაღალია, ამასთან, მუშახელისა და სპეციალისტების მოზიდვის პროცესი გაგრძელდება, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
ფეზერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.
„საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის", - განაცხადა ფეზერმა.
მისი თქმით, გერმანიას მაღალკვალიფიციური მუშახელი სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაცვლითი პროგრამების გააქტიურება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თანამშრომლობისა და „მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმებაზე მუშაობისთვის, რაც ორივე ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
„დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ მიგრაციის შეთანხმების გაფორმებას სჭირდებოდა დრო. ეს იყო ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი და იგი მართლაც შედეგიანი, წარმატებული პროექტია“, – განაცხადა ფეზერმა.
„მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმების თანახმად, მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.