თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ, სრული სიცრუეა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მინისტრმა გომელაურმა, გერმანელ კოლეგა ნენსი ფეზერთან ერთად ხელი სამშაბათს მოაწერა. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეიდან, როგორც კი ხელი მოეწერება შეთანხმებას, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება და კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
„სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, დღეიდან შედარებით გამარტივდება", - აღნიშნა მინისტრმა.
გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.
შეხვედრაზე გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან ხელმოწერილ შეთანხმებას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პრობლემების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში და გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერ ოლაფ შოლცისადმ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.