მსოფლიო დღეს

მეორე ფრონტის საფრთხე: ისრაელი ლიბანზე თავდასხმით იმუქრება

Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ომს აწარმოებს ღაზის სექტორში, მისი არმია (ცაჰალი) მზადაა ლიბანზე თავდასხმისთვის, იუწყება Newsweek ცაჰალზე დაყრდნობით.
როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, თუ ლიბანურ რადიკალურ მოძრაობა ჰესბოლასთან დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს და მისი მხრიდან ისრაელზე შეტევები არ შეწყდება, მაშინ ცაჰალი თავდაცვითი პოზიციებიდან თავდასხმაზე გადავა, რისთვისაც შესაბამისი მომზადება უკვე გავლილია.
ცაჰალის პრესსპიკერ ჯონათან კონრიკუსის თქმით, „შესაძლებლობების ფანჯარა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ არსებობს“, მაგრამ თუ ეს არ იმუშავებს, მაშინ ისრაელის თავდაცვის ძალებს „მოუწევთ დარწმუნდნენ“, რომ ისრაელის მოსახლეობას ლიბანიდან საფრთხე არ ემუქრება.
„აუცილებლობის შემთხვევაში ზუსტად ისე მოვიქცევით, როგორც ამას ახლა ღაზის სექტორში ვაკეთებთ ჰამასის წინაამდეგ, როდესაც ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ისრაელის სამხრეთით მცხოვრებ ისრაელელებს სამხედრო საფრთხე აღარ დაემუქრებათ. თუ საჭირო იქნება, ჰესბოლას მიმართაც იგივეს გავაკეთებთ“, — აღნიშნა კონრიკუსმა.
მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ლიბანიდან ისრაელი 1000 რაკეტით, მოიერიშე დრონებით, ნაღმმტყორცნებითა და სხვა იარაღით დაიცხრილა, რის შედეგადაც ქვეყნის ხუთი მოქალაქე და ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. გარდა ამისა, ლიბანიდან გამუდმებული თავდასხმების გამო, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.
ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჰესბოლა ბევრად უკეთ და მეტადაა შეიარაღებული, ვიდრე ჰამასი. ისრაელის შეფასებით, ჰესბოლას არსენალში დაახლოებით 200 000 რაკეტა შედის.
წყარო: Newsveek