თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სამ ქვეყანაში — გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ხუთშაბათს შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ისრაელის აზრით, ჰამასის წევრები არიან და რომლებიც ებრაელებზე თავდასხმებსა და სხვა ტერაქტებს ამზადებდნენ ამ ქვეყნებში, იუწყება BBC News.
როგორც გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთმა ლიბანიდან, ჰამასის ხელმძღვანელობისგან, მიიღო დავალება, ეპოვა იარაღის სამალავი, რომელიც მანამდე ჰამასის სხვა წევრებმა მოამზადეს.
„იარაღი ბერლინში უნდა ჩამოეტანათ და მზად ჰქონოდათ ევროპაში ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
დანიის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა სამი ადამიანი, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
„საფრთხე იმდენად სერიოზული იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.
ამასთან დანიის სადაზვერვო სააგენტო PET-ს საჯაროდ არ უთქვამს, რომ მათ საქმესა და გერმანიაში დაპატიმრებებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. PET-ის ხელმძღვანელმა ანჯა დალგარდ-ნილსენმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ტერაქტების საფრთხე ღაზის სექტორში ომსა და დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვას უკავშირდებოდა. თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა თქვა, ეს საქმე ადასტურებს, რომ დანიაში ებრაელებს საფრთხე ემუქრება.
დანიაში აცხადებენ, რომ პოლიცია გააძლიერებს ქვეყანაში ებრაელებთან დაკავშირებული ყველა ობუექტის დაცვას და ასევე გაიზრდება პატრულების რაოდენობა კოპენჰაგენში.