თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თქვენი საქმე გადაწყვეტილია, საქართველო ყველას უყვარს, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროკავშირის სამიტი დაიწყო. სამიტზე, სხვა საკითხებს შორის, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ", - განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს.
ამის შესახებ ორბანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.