თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის წარდგენისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დაიწყო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.
„ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ მზად ვართ გაფართოებისთვის, რასაც განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა შოლცმა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე, დასძინა მან.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას რეფორმების მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიანეს, ასევე ესპანეთის მთავრობის მეთაურს პედრო სანჩესს, რომელიც წელს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.
წერილში მან აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა, მტკიცედ განაგრძოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.
ამას გარდა, საქართველოს მთავრობამ სამიტის წინ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის ღია მხარდაჭერა მიიღო, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იქნებოდა".
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.