თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, აჩვენონ კონსტრუქციული თანამშრომლობა, გადალახონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც პოლიტიკურ დაძაბულობას გააღრმავებს.
ევროპული საბჭოს გენერალურმა სამდივნომ 13 დეკემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო განიხილავს ევროკომისიის 8 ნოემბრის მოხსენებასა და რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით და ამ საკითხის შემდგომ განხილვას ელოდება.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
„საბჭო საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი გამოავლინონ, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავონ", - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.
საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს, გააგრძელოს რეფორმების გატარების პროგრესი და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
„საბჭო მიესალმება საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული ელემენტები დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გატარებისას საქართველოს მყარ საფუძველს აძლევს", - ნათქვამია დასკვნაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი კვლავ უნდა იყოს მართლმსაჯულებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები.
„საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, განსაკუთრებით კი 2024 წელს... ასევე მთლიანად შეასრულოს ბოლო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაციები", - ნათქვამია დასკვნაში.
საქართველოს გარდა დასკვნაში საუბარია მონტენეგროს, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და უკრაინის საკითხებზე.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, რამდენიმე დღე დარჩა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.
„დღეს ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღე გვაშორებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე. ჩვენ ვადგავართ საერთო გზას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.